პეტიცია აგრესორთან თანამშრომლობის აღკვეთის აუცილებლობის შესახებ

პეტიცია მიღებულია 2014 წლის 13 აპრილს, საზოგადოებრივი აქციის - „არა კოლაბორაციონიზმს, არა მტერთან თანამშრომლობას“ - მიერ.

რუსეთის უკიდურესად აგრესიული პოლიტიკის შედეგად, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები მძიმე და სახიფათო პერიოდში შედის.

ვლადიმირ პუტინმა და მისმა გარემოცვამ, საკუთარი რეჟიმის გადარჩენის მიზნით, აამოქმედეს იმპერიის გაფართოების დოქტრინა, რომლის მიზანია, ხელისუფლების მიმართ დაგროვილი სიძულვილი გადაამისამართოს მეზობელ სუვერენულ სახელმწიფოებზე. რუსეთის დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგს დამოუკიდებელი საქართველო განიცდის 90-იანი წლების დასაწყისიდან 2008 წლის აგრესიის ჩათვლით, დღემდე. ჩვენი სუვერენული ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია, მოკლულია ათეულ ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, ჩატარებულია ეთნიკური წმენდის რამდენიმე ეტაპი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს პერმანენტული მილიტარიზაცია.

რუსეთმა საბოლოოდ გამოიყვანა საკუთარი თავი საერთაშორისო სამართლის სივრციდან და გადაიქცა მსოფლიო წესრიგის მთავარ დესტრუქციულ ძალად.

არსებულ ვითარებაში საქართველომ, მისმა ხელისუფლებამ და ყველა მოქალაქემ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს იმისთვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და სტაბილურობა; აგრესორს არ უნდა მიეცეს საშუალება, ჩამოშალოს, დააქუცმაცოს და დაიმორჩილოს ჩვენი სახელმწიფო.

უკრაინის მოვლენებმა ნათლად გვიჩვენა, რომ საკუთარი მიზნების მისაღწევად რუსეთი მრავალჯერ ნაცად მეთოდს იყენებს - სახელმწიფოში, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია რუსეთის აგრესია, იქმნება და ინტენსიურად გამოიყენება „მეხუთე კოლონა“.

ანალოგიური ძირგამომთხრელი მუშაობა მიმდინარეობს საქართველოშიც. რუსეთის მიზანია, მიაღწიოს ჩვენი საზოგადოების დემორალიზაციას, დათესოს ქაოსი, არეულობა და მოახდინოს სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირება. ასევე განახორციელოს ჩვენი დამოუკიდებლობის, სახელმწიფოებრიობისა და ევროპული ცივილიზაციური არჩევანის დისკრედიტაცია.

ამ მიზნის მისაღწევად, რუსეთის სპეცსამსახურებმა ჩვენს საზოგადოებაში შექმნეს „მეხუთე კოლონა“, რომელიც მრავალწლიანი ლატენტური, შეფარული მდგომარეობიდან გადავიდა თავხედურ შეტევაზე.  ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ღიად ახდენს პრორუსული ორიენტაციის დეკლარირებას, ფუძნდება პრორუსული ე.წ. „ევრაზიული არჩევანის“ მომხრე ორგანიზაციები, რომლებიც ამართლებენ აგრესორის ქმედებებს და მომხდარ აგრესიაში საქართველოს ადანაშაულებენ. აცხადებენ რა აგრესორ და ოკუპანტ სახელმწიფოს საქართველოს მეგობრად, ისინი მოუწოდებენ მოსახლეობას, რომ მან უარი თქვას საქართველოს უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიებზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, მთლიანად მიანდოს თავისი ბედი რუსეთს და გაწევრიანდეს ევრაზიულ კავშირში, რაც სახელმწიფო სუვერენიტეტის პრაქტიკულ გაუქმებას გულისხმობს. თავის ღონისძიებებს, ეს ორგანიზაციები ოკუპანტი ქვეყნის სახელმწიფო დროშით ხელში მართავენ.

რუსეთიდან კარგად დაფინანსებული პოლიტიკური პარტიების და ორგანიზაციების ხელმძღვანელები რეგულარულად ჩადიან მოსკოვში, სადაც აწარმოებენ დანაშაულებრივ მოლაპარაკებებს ოკუპანტი ქვეყნის ოფიციალურ სტრუქტურებთან, საქართველოს პოლიტიკური მომავლის შესახებ. ცალკეული პირები წერილით მიმართავენ პუტინს, მხარს უჭერენ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას და გამოთქვამენ წუხილს, რომ აგრესიას არ ჰქონდა უფრო მასშტაბური ხასიათი და არ დასრულდა საქართველოს ხელისუფლების დამხობით.

არსებობს მტკიცე საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ ზემოთხსენებულ ძალებთან ერთად, საქართველოში მოქმედებს „მეხუთე კოლონის“ ფარული ნაწილი, რომლის უფრო მძიმე დივერსიულ ღონისძიებებზე გადასვლა იგეგმება მას შემდეგ, რაც კოლაბორაციონისტების ხილული ნაწილი შესაბამის ნიადაგს შეამზადებს.

ამ ფონზე განსაკუთრებით შემაშფოთებელია მოსკოვის გადაწყვეტილება მეზობელი ქვეყნების მოქალაქეთათვის, გამარტივებული წესით რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ.

საქართველოს დამოუკიდებლობის, მისი უსაფრთხოების და თავისუფალი მომავლის დასაცავად აუცილებლად მიგვაჩნია, საზოგადოება წინ აღუდგეს კოლაბორაციონისტული ორგანიზაციების ანტი-სახელმწიფოებრივ და დანაშაულებრივ საქმიანობას და მოახდინოს მათი მარგინალიზაცია, ხოლო ხელისუფლების მხრიდან აუცილებლად მიგვაჩნია და მოვითხოვთ:

  1. აამოქმედოს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 309-ე, 310-ე, 311-ე, 315-ე, 317-ე და 319-ე მუხლები; აამოქმედოს საქართველოს ორგანული კანონი საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერებისა და მათი აკრძალვის შესახებ და აღკვეთოს აგრესორთან თანამშრომლობაში მყოფი ორგანიზაციების საქმიანობა;
  2. შემუშავდეს შესაბამისი ნორმატიული ბაზა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის, რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის და რუსეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში განხორციელებული ეთნოწმენდის საჯარო უარყოფაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
  3. აიკრძალოს აგრესორი და ოკუპანტი ქვეყნის სახელმწიფო სიმბოლიკის საჯარო გამოყენება;
  4. კონტროლზე იქნეს აყვანილი საქართველოს მოქალაქეთათვის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მინიჭების პროცესი;
  5. აიკრძალოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის საინფორმაციო სატელევიზიო არხების მაუწყებლობა.

 


თიკა ნიკოლაძე    Contact the author of the petition


OR

Your email address will not be published on our site. However, the author of the petition will see all the information you provide on this form.

You will receive an email with a link to confirm your signature. To ensure you receive our emails, please add info@petitions24.com to your address book or safe senders list.
Facebook